გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მომხრეა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში დღეს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ახალი არ არის.
„მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილის გალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ არა, ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას. “ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.