გედევან ფოფხაძე - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია 
გედევან ფოფხაძე - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია.

ჟურნალისტებთან საუბარში ფოფხაძე ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რო აღნიშნულ საკითხს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, საუკუნეების მანძილზე, კავკასიაში მიცვალებულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული და ვინც ცხედრის გადმოსვენების პროცესს აჭიანურებს, მას ოსებსა და ქართველებს შორის მტრობის ჩამოგდება უნდა.

“დროის გაჭიანურებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება და აზრი გამყარდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. ეს ჩვენი ინტერესი არაა, სხვა მხარის ინტერესია, რომელსაც არავინ არ უნდა ემსახუროს. შერიგებისკენ უნდა ვიაროთ. ეს ვიღაცას არ აწყობს, მას ჩვენს რეგიონში მეტი ცრემლი, სისხლი, ცხედარი უნდა. ვიღაცას არ აწყობს, ქართულმა მხარემ ცხედარი დროზე მიიღოს, მას უნდა, მეტი აგრესია გაჩნდეს. ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ოჯახმა მიცვალებული დაიტიროს და რეგიონში მშვიდობა იყოს”, – აცხადებს ფოფხაძე.

პირველი არხის კითხვაზე, ოკუპანტების მიზანი არის თუ არა პროცესის გაწელვით შესაძლო დანაშაულის კვალის დამალვა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ეგვიპტის ფარაონი რითი კვდება, დასკვნის გაკეთება ამაზეც შეიძლება.

“ვიღაცას არ უნდა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვქონდეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. რუსეთს რეგიონთან მიმართებაში თავისი დღის წესრიგი აქვს. მათ უნდათ, ადამიანების უფლებები დაარღვიონ, რომ ამით მოლოდინი შექმნან, თითქოს საქართველოდან საფრთხეა. ჩვენ მშვიდობა და ხალხთა შორის ურთიერთობა გვინდა. იმათ უნდათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანკლავი და ომი ჰქონდეთ. ოსებსა და ქართველებს ერთმანეთთან მტრობა არ აქვთ, ეს რუსების პროვოცირებული იყო. ოსები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, მათი რეალური მტერი ვინაა”, – განაცხადა ფოფხაძემ.