გედევან ფოფხაძე ალტერნატიული გასაუბრების პროცესს სთავაზობს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ სიაში ვერ მოხვდნენ
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ალტერნატიული გასაუბრების პროცესს სთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ 20-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ.
როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ალტერნატიული გასაუბრებების პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, ინიციატივა დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკუთვნით.
როგორც გედევან ფოფხაძე აცხადებს, აღნიშნული გასაუბრებების გამართვის შემთხვევაში, გამოჩნდება კონტრასტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებსა და ალტერნატიულ კანდიდატებს შორის.
„მე და ჩემს კოლეგას გვაქვს იდეა და გვინდა, იმ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ორგანიზება, რომლებმაც ვერ გაიარეს იუსტიციის საბჭოს ტესტი. გვსურს დავინახოთ კონტრასტი იმ კანდიდატებს შორის, რომელიც ჩაჭრა იუსტიციის საბჭომ და რომლებსაც აუნთო მწვანე შუქი. მე მგონია, რომ თუ ამ ადამიანებს ექნებათ სურვილი, გადალახავენ უხერხულობას და მოვლენ, ჩვენ პარალელურ მოსმენას გავაკეთებდით. ჩვენ ვაჩვენებდით პარლამენტს, თუ რას ართმევენ დღეს საქართველოს. კვალიფიციური, ღირსეული უზენაესი სასამართლოს ნაცვლად, გვატენიან ვიღაცის ხელდასმულ, მართვად მოსამართლეებს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსმენების პროცესშიც და ამ პროცესის პარარელური პროცესი უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ხალხმა ზუსტად დაინახოს, რომ იყო შანსი, გვქონოდა კარგი, ღირსეული სასამართლო და ეს შანსი იუსტიციის საბჭოსა და კლანის ინტერესს ეწირება“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ეტაპზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იხელმძღვანელა მხოლოდ „კლანისადმი მორჩილების“ სტანდარტით.
„ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. ეს იქნება კარგი კონტრასტის დასანახად, თუ რა შანსი წაართვა საბჭომ ქვეყანას იმიტომ, რომ მხოლოდ თავისი სტანდარტით იხელმძღვანელა. საბჭოს სტანდარტი იყო მორჩილება, კლანისადმი ერთგულება და კუთვნილება. ეს უნდა იყოს დამატებითი განხილვის საგანი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.