გედევან ფოფხაძე - აგვირჩიეს იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და უნდა ვიცოდეთ, რა კანონს ვიღებთ
ჩვენ აგვირჩიეს, რომ მივიღოთ კანონები და უნდა ვიცოდეთ, რა კანონს ვიღებთ, რათა პირველ რიგში, ჩვენს შინაგან რწმენასთან ვიყოთ მართალი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ დეპუტატები ვერ ერკვევიან იმაში, რას უნდა დაუჭირონ მხარი, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის საჭიროება გაუგებარია.
„უკაცრავად და, შპალერის გაკვრას ჩვენ არავინ გვიმოწმებდა, როცა პარლამენტში ვისხედით. ჩვენ აგვირჩიეს იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და უნდა ვიცოდეთ რა კანონს ვიღებთ, რომ პირველ რიგში ჩვენ შინაგან რწმენასთან ვიყოთ მართალი, როცა ამა თუ იმ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ. თუ საერთოდ ვერ გავერკვევით იმაში, რას უნდა დავუჭიროთ მხარი და რას არა, მაშინ პარლამენტის საჭიროებაც გაურკვეველია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი რამ არ ახსოვს, კანონში ცვლილებების შეტანა იმის გამო ჩავარდნილიყო, რომ დეპუტატებს პულტზე ღილაკები არეოდათ.
„საუბარი იმაზე, რომ დეპუტატმა არ იცის, რას უნდა მიაჭიროს ხელი და ეშლება, საპარლამენტო ინსტიტუტის ისეთი დისკრედიტაციაა, რამაც შეიძლება, საერთოდ პარლამენტარიზმიც კი ჩააგდოს საქართველოში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.