გაზზე მომუშავე ავტომობილების უმეტესობამ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა „აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა“ მოაწოდა.
ცენტრის წამყვანი შემფასებლის, გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, დახარვეზების ძირითადი მიზეზი ვადაგასული და არასწორად დაყენებული აირბალონებია.
„2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ჩატარდა 5813 აირბალონიანი მოწყობილობის ინსპექტირება. მათგან 408 იყო დახარვეზებული. დახარვეზების ძირითადი მიზეზია აირბალონის შეუსაბამობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, ვადაგასული და სხვადასხვა სახის დეფექტები“, – დასძინა გიორგი შიოლაშვილმა.
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება 90 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. ის მძღოლები, რომლებსაც ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება ჯერ მხოლოდ გაზზე მომუშავე 14-19 წლის ავტომობილებისთვის ამოქმედდა. ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ხდება და ვადები ავტომობილის ასაკის მიხედვით განისაზღვრება. 11-13 წლის ავტომობილებისთვის ინსპექტირების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვარს, 1-10 წლის სატრანსპორტო საშუალებების კი – 2019 წლის 1-ელ ივლისს იწურება.