წინა წელთან შედარებით, „გაზპრომის“ შემოსავლები ექსპორტიდან 51 პროცენტით შემცირდა
გაზის ექსპორტიდან „გაზპრომის“ 2020 წლის იანვარ-თებერვალში მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51.3 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, რუსული ენერგოგიგანტის შემოსავლები ორი თვის მონაცემებისთვის ხუთ მილიარდ დოლარამდე შემცირდა. გაზის ფიზიკური ექსპორტი საანგარიშო პერიოდში შემცირდა 24.6 პროცენტით, 32.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე. მათ შორის, თებერვალში, გაზის ექსპორტმა 14.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა (-22.5%). საერთო თანხა ორი მილიარდი დოლარი იყო, რაც იანვართან შედარებით 32.8 პროცენტით ნაკლებია.
2019 წელს გაზპრომმა 199.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებს (მათ შორის – ჩინეთს), რაც 1.3 პროცენტით დაბალია, ვიდრე 2018 წელს. 2019 წელს მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 2.2 პროცენტით, 37.7 მილიარდ კუბურ მეტრამდე.