„გაზპრომი“ ევროპას გაზის მოსალოდნელი უკმარისობის შესახებ აფრთხილებს
„გაზპრომი“ ევროპას გაზის მოსალოდნელი უკმარისობის შესახებ აფრთხილებს

ევროპა უახლოეს მომავალში გაზის უკმარისობისა და მასზე ფასის ზრდის წინაშე აღმოჩნდება, თუ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის ზრდის ნაცვლად, ეცდება გაზრდილი მოთხოვნა აშშ-დან თხევადი აირის შემოტანით დააკმაყოფილოს. „დოიჩე ველეს“ რუსული ბიუროს ცნობით, ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა.

„ევროპამ ვერ გათვალა, როდესაც ივარაუდა, რომ მას არ დასჭირდება დამატებით გაზის დიდი მოცულობა, ხოლო თუ დასჭირდება, უკმარისობას რუსეთის საზღვრებს გარედან შეავსებს“, – განაცხადა მედვედევმა, რომელიც „გაზპრომში“ ექსპორტის საკითხებზე მუშაობს.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა სულ უფრო იზდება მაშინ, როდესაც ნიდერლანდებში მისი წარმოება მცირდება, ხოლო ნორვეგიაში გაზის წარმოება 2025 წლის შემდეგ შენელდება. რაც შეეხება აშშ-დან იმპორტს, „გაზპრომის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს ძვირი დაჯდება და ამიტომ იმპორტის მოცულობა მცირე იქნება.
მედვედევის მონაცემებით, ევროპაში გაზის იმპორტის 35% რუსეთზე მოდის და ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 40%-ს მიაღწიოს.

„ბევრმა სერიოზულმა ანალიტიკოსმა შეიმუშავა მოდელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპა უახლოეს მომავალში გაზის უკმარისობისა და, რაც უარესია, ამ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა მედვედევმა.

ამავე დროს, ალექსანდრ მედვედევი აკრიტიკებს დასავლური ქვეყნების სურვილს, შეამცირონ რუსულ გაზზე დამოკიდებულება.