გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება, ხოლო გაზის მოწყობილობების შემოწმებისთვის ხელის შეშლაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება
გაზგამანაწილებელ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცათ მკაცრი მითითებები, გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა შეამოწმონ და ეს პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გაზმომარაგების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.
მისი თქმით, გაზის რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხი პირობითად სამ ნაწილად იყოფა, მათ შორის მოწყობილობების შემოწმება პირველია.
„პირველი რაც უკვე გაკეთებულია, ჯერ კიდევ შარშან გაზგამანაწილებელ კომპანიებს მიეცათ მკაცრი მითითებები ჩვენგან და მარეგულირებლის მხრიდან, განახორციელონ გეგმაზომიერად გადამოწმება გაზის ყველა მოწყობილობის, რაც კი არის დამონტაჟებული. სწორედ ამის მოწმეები ვართ, ეს პროცესი მიმდინარეობს. მეორე ნაწილი არის კანონმდებლობის გამკაცრება, შესაბამისი პაკეტი მომზადებულია და მთავრობის მიერ უკვე განიხილება. თუ სახლი ჩაკეტილია ან სახლის მეპატრონე თავისი მოსაზრებებით არ უშვებს შემოწმებას, აქ მკაცრდება პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა იქნება, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, მესამე საკითხი გაზის დეტექტორებს ეხება, რაზეც უახლოეს დღეებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება გაზის დეტექტორების სავალდებულობას, სემეკ-ი იღებს ამაზე ამ დღეებში გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას, არ იქნება მაღალი გადასახადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.