ვლადიმირ გაზაევი “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. რუსმა სპეციალისტმა გუნდი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა და იმედოვნებდა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთვებოდა.
12 ტურის შემდეგ “რუსთავი” 14 ქულით მხოლოდ მე-6 ადგილზეა, ბოლო ტურში კი საჩხერეს “ჩიხურასთან” 0:4 წააგო და გულშემატკივრებმა მისი წასვლა მოითხოვეს. გაზაევმა სწორედ ასე გადაწყვიტა და გუნდს დაემშვიდობა. მას ვარლამ კილასონია შეცვლის, რომელმაც “რუსთავი” ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.
საინტერესოა, რომ გაზაევი თავიდან ქართულ მედიასთან ურთიერთობას ერიდებოდა, თუმცა ქუთაისის “ტორპედოსთან” მე-11 ტურის შემდეგ მსაჯობასთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გააკეთა.
„რასაც მსაჯები აკეთებენ, არის სრული უკანონობა, ჩვენს გუნდს, უბრალოდ, დასცინიან. მიმაჩნია, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები თავის საქმეს ხარისხიანად აკეთებენ, მაგრამ რაც ბოლო 10 ტურში ხდება, ეს უბრალოდ “რუსთავის” აბუჩად აგდებაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული კი არა, ლეგიონერების გუნდია” – ამბობდა გაზაევი.