გავრცელებული ვიდეოს გამო, ლონდონის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა
ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ლონდონის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ვიდეოში ჩანს, რომ მას დაკავებული შავკანიანი ეჭვმიტანილის კისერსა და თავზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ზოგიერთი გამოყენებული ტექნიკა ჩემს შეშფოთებას იწვევს – მას პოლიციის ტრენინგის დროს ამას არ ასწავლიან. ვიდეოკადრები, რომლებიც დღეს ვიხილე და რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება, უკიდურესად საგანგაშოა“, – განაცხადა ლონდონის პოლიციის კომისრის მოადგილე სტივ ჰაუზმა.
თავის მხრივ, ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა მომხდარის სწრაფი და დეტალური გამოძიება მოითხოვა.
პოლიციის ცნობით, შავკანიანი ეჭვმიტანილი საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვისა და გაყიდვის ბრალდებით დააკავეს და ის პოლიციის განყოფილებაში რჩება.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის ოფიცერი ეჭვმიტანილის კისრიდან მუხლს მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც ამის შესახებ მას დაკავებული ეუბნება. ჩანაწერი იმით გრძელდება, რომ ეჭვმიტანილი ზის და პოლიციის ოფიცრებს ესაუბრება.