გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში კიდევ ერთხელ გამოიკითხება.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, დანელია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 12:00 საათისთვის არის დაბარებული. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელია გია დანელიას ხმის ნიმუშის შედარება ორიგინალ ჩანაწერთან, რომელიც ხელთ აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. შესაბამისად, პროკურატურამ ტელეკომპანიას ჩანაწერის დედნის მიწოდების თხოვნით უკვე მიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო.

გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.