გაუპატიურებისთვის ბრალდებულს ექვსი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. – თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ვალეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ექვსი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.