„გაუფრთხილდი ქალაქს“ - დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს
„გაუფრთხილდი ქალაქს“ – დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექვსთვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.
მისივე თქმით, კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას ექვსი თვის განმავლობაში განახორციელებს.
„გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს. დავალება, რომელსაც სარეკლამო კომპანიები მიიღებენ, ეფუძნება თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით სრული და ნათელი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც დედაქალაქის მცხოვრებლები ჩაერთვებიან. აღნიშნული თემატიკის სოციალური კამპანიის წარმოების საჭიროება საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებულმა ვანდალიზმისა და დაბინძურების ფაქტებმა განაპირობა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სოციალური კამპანია ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრულებში, ისე მომავალ თაობაში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, თბილისის მერიის მიერ შესრულებული პროექტების შენარჩუნებას, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
“ეს პროექტი ხორციელდება, რათა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ქალაქის მოვლის თვალსაზრისით, რადგან ვანდალიზმის ბევრი ფაქტი არსებობს. ახალი განხორციელებული პროექტები ზიანდება, ზიანდება სკვერები, იგივე ხდება ახალ ავტობუსებში, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ, ეს ქალაქი არის ყველასი. ყველამ უნდა გაითავისოს ეს, როგორც საკუთარ სახლში საკუთარ ოჯახში უვლი ნივთებს, უვლი შენს საკუთარ სახლს, ისე უნდა მოვუაროთ ამ ქალაქს. სხვაგვარად მგონია, რომ ძალიან გაგვიჭირდება. იმედი მაქვს, რო საზოგადოების მხარდაჭერა, თანადგომა იქნება და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს არის აქტუალური”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა.