გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ინსპექტირების დროს აირბალონისა და მისი მოწყობილობის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო გახდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ გათხევადებული აირის აირბალონი, ტექინსპერტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ გათხევადებული აირის აირბალონი და მისი მოწყობილობის სისტემა, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვება.
„აღსანიშნავია, რომ გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოხდება მხოლოდ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ: გათხევადებული აირის აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება აირბალონის დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია.
ამასთან, ინსპექტირების ცენტრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი განახორციელებს ისეთი აირბალონის ინსპექტირებას, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა არ არის გასული.
რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.
გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას.
ინსპექტირების სერტიფიკატები გაიცემა აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის (ინსპექტირების ორგანო) მიერ. ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. მათი მისამართებია: შპს „გაზ კონტროლი“ — კახეთის გზატკეცილი №67, შპს „გიომოტორსი“ — ქ. გორი, სუხიშვილის ქ №63, შპს “გიომ-1” — ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. №32, შპს “ჰესლერი” — ქ. თბილისი გიორგი მდივანის პირველი შესახვევი №10, შპს “გარეჯი 2010” — საგარეჯო, დოდაშვილის ქ. № 13, შპს “გარეჯი 2010”-ის ფილიალი: თელავის რაიონის სოფ. ნასამხრალი და შპს “გარეჯი 2010”-ის ფილიალი: წნორი, ქიზიყის ქ. № 45“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.