გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 21,9 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 21.9 პროცენტით გაიზარდა და 25.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ბიზნესსექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, 11.5 მილიარდი ლარამდე 9.6 პროცენტით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მთლიანი ბრუნვიდან 51.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 28.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.9 პროცენტი.
ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში კი, ყველაზე მაღალი წილი, 40.9 პროცენტი ვაჭრობას (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) უკავია. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 20.0 პროცენტით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.8 პროცენტი, მშენებლობა – 8.7 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.6 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, 2018 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.5 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.6 პროცენტი ქალია, ხოლო 59.4 პროცენტი – კაცი. საშუალო ხელფასი კი თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 77 ლარით გაიზარდა და 1 318 ლარს შეადგენს.