აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნები ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულა. ბრალდებულებს შორის არიან „ბელაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩურო და მისი მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცი.
გამოძიების ცნობით, მათ „რაინეარის“ თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.
ამავე საქმეში ფიგურირებს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი.
საუბარია 2021 წლის მაისში, მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს. ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის ოთხი მოქალაქეც.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განმარტეს, ბელარუსმა მაღალჩინოსნებმა დეტალურად შეადგინეს სქემა და ბომბის შესახებ ინფორმაციის გაყალბება მოახდინეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებითვე, მსგავსი ქმედებით მათ დაარღვიეს საერთაშორისო წესები, აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი და ასევე, საფრთხე შეუქმნეს უდანაშაულო მგზავრების სიცოცხლეს.
შეგახსენებთ, რომ მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის ბორტზე დააკავეს ლუკაშენკოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბლოგერი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები – სოფია საპეგა. ევროკავშირმა მომხდარის გამო ბელარუსს სანქციები დაუწესა.