2017 წელს საქართველოში 53 293 ბავშვი დაიბადა – 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო. შესაბამისად, ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე, 107.9 ბიჭი დაიბადა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი). დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 2016 წელთან შედარებით, 40.6 პროცენტიდან 38.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 პროცენტიდან 22.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.
ამასთან, 2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 5.8 პროცენტით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 5 471 შეადგინა.