2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით გაერო-ს 56 მშვიდობისმყოფელი მოკლეს.
გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1994 წლიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში თითქმის 200 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ამ მხრივ, ყველზე საშიშ რეგიონად აფრიკაა დასახელებული.
მსხვერპლის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის მალიზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანზე.
როგორც ანგარიშში წერია, გაერო-ს დროშა და ცისფერი ჩაფხუტები აღარ წარმოადგენს „ბუნებრივ დაცვას“ სამშვიდობო ძალებისთვის, რომლებიც არ უნდა მოერიდონ, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებას.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ძალა ერთადერთი „ენაა“, რომელიც თავდამსხმელებს ესმით.
დოკუმენტის თანახმად, გაერო-ს ხელმძღვანელობამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და სიმტკიცე ახალ ვითარებასთან ადაპტირებისას.
ავტორების აზრით, გაერო-ს მისიებზე გახშირებული თავდასხმები უმოქმედობის შედეგია.