უმეტესი ჩვენგანისთვის სლოკინი საკმაოდ შემაწუხებელი, მაგრამ საბედნიეროდ, ხანმოკლეა. მწვავე შემთხვევებში, ის შეიძლება რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს, რაც თითქოს ბევრი ჩანს.
თუმცა, შემდეგ ჯერზე, როდესაც სლოკინს დაგაწყებინებთ, გაიხსენეთ კაცი, სახელად ჩარლზ ოზბორნი, რომელსაც გაუჩერებელი სლოკინი 68 წლის განმავლობაში სტანჯავდა.
1922 წლის 13 ივნისს, როდესაც ახალგაზრდა ოზბორნი ნებრასკის შტატში, ღორების ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, სლოკინი დაიწყო და 1990 წლამდე აღარ გაჩერებულა.
ამ ამბავს მოგვიანებით მივუბრუნდეთ, იქამდე კი გავარკვიოთ, რატომ ვასლოკინებთ და შეუძლია თუ არა რამეს მისი შეჩერება?
მიჩნეულია, რომ სლოკინი იწყება ნერვულ გზაგამტარში, რომელსაც რეფლექსური რკალი ეწოდება. ფიზიკური გამოცდილება მოიცავს სასუნთქი კუნთების უნებლიე შეკუმშვას და ხმის იოგებს შორის ღიობის — ყიას უეცრად დახურვებს, რაც სლოკინის ცნობილ ხმას გამოსცემს.
სლოკინის გამომწვევი შეკუმშვები შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ალკოჰოლის დალევამ, ზედმეტად ბევრმა ჭამამ და ღეჭვისას ჰაერის შესვლამ, ზოგიერთმა პრეპარატმა ან მღელვარებამ და სიცილმაც კი.
შეიძლება მოხდეს უბრალოდ ერთი დასლოკინება ან საკმაოდ რიტმული ხასიათით, რაც ძირითადად ოთხიდან 60 წუთამდე გრძელდება. გამომწვევ მიზეზთა შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ ჩვილები საშვილოსნოშიც კი ასლოკინებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის შეიძლება ჩვენს კუნთებს სასუნთქად ამზადებდეს.
ამ ფენომენის სამედიცინო სახელია სინგულტუსი.
სლოკინის შესაჩერებლად გავრცელებულ საშუალებებს შორის არის ცივი წყლის დალევა ან ყელში გამოვლება, ქაღალდის პარკში სუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ჰიპნოზი და აკუპუნქტურაც კი. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რომელიმე ეს საშუალება ეფექტიანი ან უსაფრთხოა. ხალხში გავრცელებულია კიდევ ერთი საშუალება, რომ ამ დროს ადამიანი უნდა შეაშინო ან მოატყუო, მაგრამ ამან შეიძლება უბრალოდ ყურადღება გაგიფანტოთ და სლოკინი სულაც არ შეგიჩეროთ.
ალბათ ერთადერთი საშუალება, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, არის სპეციალური ჩხირი სახელად HiccAway, რომელიც ბოლო წლებში შექმნეს ნევროლოგებმა. ადრეულ ცდებში, HiccAway-მა 90 პროცენტით მეტი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე ნებისმიერმა ხალხურმა სამკურნალო საშუალებამ; თუმცა, საჭიროა მისი უფრო მეტად შესწავლა.
სლოკინის ჩვეულებრივი შემთხვევები ძირითადად რამდენიმე წუთს გრძელდება ყოველგვარი ჩარევის გარეშე, საჭიროა უბრალოდ მოთმინება. მაგრამ დიდხანს სლოკინი უფრო სერიოზულად უნდა აღვიქვათ.
ქრონიკული სლოკინი — ტერმინი, რომლითაც გაუჩერებელ სლოკინს (თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) აღნიშნავენ — შეიძლება არა მხოლოდ შემაწუხებელი იყოს და წონაში კლება გამოიწვიოს, არამედ სერიოზულ გამომწვევ მიზეზზე მიუთითებდეს.
ეს შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობები, დიაბეტი, ქირურგიული ჩარევა, რეფლუქსი, ინსულტი, კიბო და ა. შ.
ქრონიკული სლოკინის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან ზუსტმა მოკვლევამ შეიძლება ბევრი რამ ცხადყოს მიზეზის შესახებ. როგორც ერთმა მცირე კვლევამ აჩვენა, ქრონიკული სლოკინის პაციენტთა 80 პროცენტს საყლაპავის ან კუჭის დარღვევები ჰქონდათ და მათგან ორი-მესამედი განკურნებადი იყო.
ქრონიკული სლოკინის სამკურნალო საშუალებათა მიმოხილვამ ბევრ ვერაფერ მტკიცებულებას მიაგნო რომელიმეს სასარგებლოდ და მიუთითა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურ შემთხვევამდე დადის. ყველაზე სასარგებლოა ძირეული სამედიცინო მიზეზის დადგენა და მკურნალობა.
ერთ იშვიათ შემთხვევაში, სამკვირიანი სლოკინი ერთადერთი სიმპტომი იყო პაციენტში, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. აღმოჩნდა, რომ მას გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა; კიდევ ერთ პაციენტში იგივე აღმოჩნდა ოთხდღიანი სლოკინის შემდეგ.
ერთ-ერთი ინგლისელი მუსიკოსი სამი წლის განმავლობაში ასლოკინებდა გაუჩერებლად; საბოლოოდ, ექიმებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე იყო; ქირურგიულმა ჩარევამ პაციენტი გადაარჩინა.
თუმცა, ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა საბრალო ჩარლზ ოზბორნი.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ექიმთან მივიდა, სლოკინისგან ის მაინც ვერავინ განკურნა. მოხსენებების მიხედვით, ერთმა ექიმმა მისი სლოკინის შეჩერება ნახშირბადის მონოოქსიდითა და ჟანგბადით სცადა, მაგრამ ოზბორნი უსაფრთხოდ ვერ სუნთქავდა. ამბობენ, რომ მას მთელი ცხოვრება კარგი იუმორი ჰქონდა და თანდათან ისწავლა სუნთქვის ისეთი მეთოდი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებდა სლოკინის ხმას.
1990 წლის თებერვალში, ოზბორნს სლოკინი უეცრად შეუწყდა; მიზეზი ვერავინ დაადგინა. სამწუხაროდ, სლოკინის გარეშე მან მხოლოდ ერთი წელიწადიღა იცოცხლა და 1991 წლის მაისში გარდაიცვალა.
მეცნიერთა შეფასებით, ცხოვრების განმავლობაში მას დაახლოებით 430-მილიონჯერ უნდა დაესლოკინებინა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.