გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ბრალდებულ ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ბრალდებულ ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ოთხი პირიდან ერთ-ერთს, ლაშა ჩაფიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

​შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის შეცვლის თაობაზე დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა მხოლოდ ერთი ბრალდებულის მიმართ დააკმაყოფილა, ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი პატიმრობაში დატოვა.

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიმდინარე წლის მაისში შეეფარდა, ხოლო შვიდი ფეხბურთელი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად კი სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.