გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე კანონით მოხდება
გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე კანონით მოხდება

გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე ხელშეკრულების ნაცვლად კანონით მოხდება.

შესაბამისი ცვლილებები „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 15 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მთავრობა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით დელეგირება გართულებული პრაქტიკაა და ახალი ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან მათთვის ზიანის მიყენებისას, გადაწყვეტილებები ოპერატიულად მიიღონ და გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღება განახორციელონ.

„ბოლო წლების განმავლობაში, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებას მუნიციპალიტეტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ. სამწუხაროდ, ეს პროცედურა ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მუნიციპალიტეტი შესაბამისი თხოვნით სამინისტროს მომართავს, სამინისტრო საკითხს შეისწავლის და ხელშეკრულების პროექტს ამზადებს, რომელსაც შესათანხმებლად მუნიციპალიტეტს უგზავნის, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის შეთანხმების შემდეგ, ხელშეკრულების პროექტი, გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხელშეკრულებას ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი და იგი საბოლოოდ მუნიციპალიტეტს ეგზავნება.

აღნიშნული პროცედურა, მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის დასმიდან მისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე, როგორც წესი, 2-3 თვემდეც გრძელდება, რის გამოც საფრთხეზე რეაგირება და გარეული ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა დროულად ვერ ხერხდება, მაშინ როცა ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და დაყოვნება ხშირად მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს (დაგლეჯილი საქონელი, განადგურებული ფრინველი და ა.შ) აყენებს მოსახლეობას, რომ არაფერი ვთქვათ გარეული ცხოველების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და სიცოცხლისთვის შექმნილ საფრთხეზე. დღეს არსებული პროცედურა მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტებს სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

მთავრობის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში, მუნიციპალიტეტებმა ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, 450-მდე მგლის, 190-მდე ტურის და 10-მდე მელიის ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება მიიღეს, რის საფუძველზეც ბუნებრივი გარემოდან ამოღებულია 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა. ერთი ტურის (მელიის) ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის 50-ლარია განსაზღვრული, ერთი მგლის ამოღებისთვის – 100 ლარი.