გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო, ტყის ყოფილი მცველი დააკავეს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი ტყისმცველი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველს სატყეოს სააგენტოს დებულებით ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ევალებოდა. ის გულგრილად მოეკიდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა.
„მას შემდეგ, რაც ტყის მცველისთვის ცნობილი გახდა უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვით, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა. რეალურად, მას ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.