გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღუში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა ერთი ერთეული (დაახლოებით 1,6 კუბური მეტრი) სოჭის სახეობის, დაუფირნიშებელი მორი. მოქალაქემ აღიარა, რომ ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირება ტყის ფონდიდან მოახდინა. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროების ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 3 ერთეული სოჭის სახეობის მორი, რომელთა პარამეტრები არ ემთხვევა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებულ პარამეტრებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია ერთი ერთეული სოჭის სახეობის მორი, რომლის პარამეტრებიც არ ემთხვევა სახერხის ელექტრონულ ჟურნალში აღნიშული ფირნიშით რეგისტრირებული მორის პარამეტრებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს, უკანონო ხე-ტყე კი დალუქეს.

მასალები შემდეგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.