გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭაში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.
მათივე ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.
კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.