გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობის მიზნით, გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი შეიქნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის, ei.gov.ge-ს პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.
„სამინისტროს მიზანია, დანერგოს ისეთი ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დროულ და დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავარ გზას გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და ორჰუსის კონვენციის ძირითადი პრინციპების განსახორციელებლად“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, ასევე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების მარტივად და ოპერატიულად ინფორმირებას.
პორტალი შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის, „მმართველობის რეფორმის ფონდის“ გარემოსდაცვითი კოორდინატორი ნათია გობეჯიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.