გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით, 250-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი გადამზადდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე, 250-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი გადაამზადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა.
„დაწყებით საფეხურზე გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგნობრივ ჭრილში ინტეგრირება და მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეებში სწორი შეხედულებებისა და ქცევების ფორმირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გვაახლოებს ჩვენ საერთო მიზანთან, გვყავდეს განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე მომავალი თაობა, რომელიც შეძლებს არსებული პრობლემების გადაჭრას და რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, სოციალური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, 50 000 პედაგოგის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით გაძლიერდება, ხოლო 500 000 მოსწავლე ბაზისურ ცოდნას მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
ამასთან, პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.