გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა, შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა. მათივე ცნობით, შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მიღებული შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის ბოლო მონიტორინგი ერთი თვის წინ, 10 და 11 ივლისს განახორციელა. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო. კვლევებით განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღსანიშნავია, რომ, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.