გარემოს ეროვნული სააგნეტო - 1960 წლის შემდეგ, წელს რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, წელს, 1960 წლის შემდეგ, რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო.
როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვალი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო.
„1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლების შემდეგ.
მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთასა და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.
ნორმასთან შედარებით, ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართველოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შეინიშნებოდა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.
თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბსოლუტური მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა.
ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა.
ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.