გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ვარდების მოედანზე ჰაერის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება [ფოტო]
თბილისში, ვარდების მოედანზე ჰაერის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური დამონტაჟდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეამოწმებს. სადგური მოძრავია და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდება. მსგავსი მობილური სადგური უკვე ფუნქციონირებს ქუთაისსა და ბათუმშიც.
რაც შეეხება თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს, როგორც ნინო თანდილაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანი გადაჭარბება არ ფიქსირდება.
„ამის მიუხედავად, აუცილებელია, ცალკეული ქმედითი ღონისძიებების გატარება და ახალი ინიციატივების შექმნა, რომლებიც გულისხმობს რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებისთვის. შედეგად ჩვენ შევძლებთ, გარკვეული შედეგები მივიღოთ. დაბინძურება ძირითადად გამოწვეულია ავტოტრანსპორტით. აუცილებელია ტექნიკური დათვალიერება, რომ შემცირდეს ჰაერის დაბინძურება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.