გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალბათობა, რომ მყინვარ ლეხზირზე ყინულის მასა ერთბაშად დადნეს, საკმაოდ დაბალია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალბათობა, რომ მყინვარ ლეხზირზე ყინულის მასა ერთბაშად დადნეს, საკმაოდ დაბალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, მყინვარ ლეხზირზე არსებული მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და იმის ალბათობა, რომ ყინულის მასა ერთბაშად დადნეს საკმაოდ დაბალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის, რამაზ ჭითანავას განცხადებით, მყინვარის დნობა წლის ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის.

ჭითანავას თქმით, ყინულის დნობის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და საფრთხე იმისა, რომ მის დნობას რაიმე სტიქიური უბედურება მოჰყვეს, საკმაოდ დაბალია.

ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის თქმით, სპეციალისტები ადგილზე უკვე იმყოფებიან, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მისივე განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხე მინიმალურია.

შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გაფრთხილებულია ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტებიც, რომ მყინვარის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.