გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგიონებში ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან ვანდალური ფაქტები გახშირდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგიონებში ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან ვანდალური ფაქტები გახშირდა

გარემოს ეროვნული სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან გახშირებული ვანდალური ფაქტების გამო.

სააგენტოს ცნობით, სადგურების დაზიანების ფაქტები, ძირითადად, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ფიქსირდება.

„აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. შესაბამისად, კომუნიკაციების არ არსებობის გამო, რთულდება მათი სრულყოფილი დაცვა.

სადგურების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.