გარემოს ეროვნული სააგენტო - შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება
კვლევების მიხედვით, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია შავი ზღვის წყლის მონიტორინგის შედეგების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყალს სხვადასხვა მნიშვნელოვან პარამეტრზე კვლევები უცხოელ მეცნიერებთან ერთად ტარდება.
„შავი ზღვის თვითაღდგენის პროცესზე მიუთითებს ევროპული ხამანცკის გამოჩენაც, რომელიც 40-იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფიქსირდება თევზის 125 სახეობა, მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა წარმომადგენლების ოთხი სახეობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის საქართველოს ნაწილში აღებულ წყლის სინჯებში ლითონების კონცენტრაციები ევროპული სტანდარტების მიხედვით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
სამწუხაროდ, კვლევა აჩვენებს, რომ შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი, პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასზე და მიკროპლასტიკზე მოდის.
ამ გამოწვევის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა და მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს როგორც საკანონმდებლო, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
რადიკალურად იცვლება ნარჩენების მართვის სექტორი. 2015 წლის 15 იანვრიდან ძალაშია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროდირექტივების მოთხოვნებთან.
პლასტიკის ნარჩენების პრევენციის და მისგან გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2018 წელს დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის. რეგლამენტის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი პარკების წარმოება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.