გარემოს ეროვნული სააგენტო - გეოლოგების რვა ჯგუფი სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას აგრძელებს, 6 თებერვლიდან დღემდე შეფასდა 189 ოჯახი, მათგან 94 მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების რვა ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოთხი ჯგუფი – აჭარაში, სამი – იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
„აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში – მეწყრები.
6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ამ დროისთვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.