გარემოს ეროვნული სააგენტო - ჭუბერში სტიქიური პროცესების საფრთხემ იკლო, გართულებები მოსალოდნელი არ არის
გარემოს ეროვნული სააგენტო - ჭუბერში სტიქიური პროცესების საფრთხემ იკლო, გართულებები მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიური პროცესების საფრთხემ იკლო და ამ ეტაპზე, რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში რჩებიან და პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

„სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს მდ. ნენსკრას (ჭუბერის თემი) და დოლრას (ბეჩოს თემი) აუზებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდ. ოკრილას ხეობა, სადაც ადგილი ჰქონდა გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის განვითარებას, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი იყო ჭუბერის თემში წარმოქმნილი სტიქიისა.

ორივე მდინარის აუზში სტიქიური პროცესების საფრთხეებმა იკლო და ამ ეტაპზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

ზოგადად, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე, მათ შორის მდ. ოკრილაზე გამოიწვია წყლის ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად ადგილი აქვს მდინარის ნაპირების ინტენსიურ გარეცხვას (ეროზიას), რაც მსგავსი სტიქიის თანმდევი პროცესია. ამ ეტაპზე ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ველოდებით“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.