გარემოს ეროვნული სააგენტო - ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭუბერში არსებული ვითარება შეისწავლეს.
პირველ არხთან საუბარში სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ პირველადი დასკვნით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის გამეორება გამორიცხულია.
“ვითარება შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილზე სიტუაცია 4 ივლისს გართულდა. მდინარე ნენსკრას ხეობაში და 40-ზე მეტ შენაკადში, ადგილი ჰქონდა გეოლოგიურ და ჰიდროლოგიური პროცესების თანხვედრას. მყინვარის ნაწილობრივი დნობას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექები. ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებს, ღვარცოფულ პროცესებს, ეს იყო კომპლექსური. ამ ეტაპზე სტიქიის პიკი გავლილია, გარკვეული გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ მასშტაბის რაც იყო. ვიყავით ხეობაში, ვნახეთ ადგილები და მივედით დასკვნამდე რომ ასეთი მასშტაბის სტიქია აღარ განმეორდება. ახლა მიმდინარეობს ტექნიკის ადგილზე შემოსვლა, რთულ უბნებზე პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება”, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.
სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფელ ჭუბერშჩი ჩავიდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.