გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერში ტყვიის მონიტორინგს აგრძელებს
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1,3-ჯერ, 10 და 12 ივლისს ქ. რუსთავში 1,1-ჯერ, ხოლო 11 ივლისს ისევ ქ.რუსთავში – უმნიშვნელოდ, 13, 14 და 15 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მათივე ცნობით, ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ადგილზე: პეკინის გამზ. მე-2 კვ. ბაგა-ბაღი N74; კიევის ქ.N4, საჯარო სკოლა N30; კიევის ქ. N2, საბავშვო ბაგა-ბაღი; ჩიტაიას ქ.N 69, საბავშვო ბაგა-ბაღი. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.