გარემოს ეროვნული სააგენტო - ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას, მუნიციპალიტეტში გეოლოგების ჯგუფი იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები, მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე, აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, ადიგენში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ.
„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. პირდაპირების დასახლებაში მეწყრული პროცესი უხვი ნალექის შედეგად გააქტიურდა. ადიგენის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება. ინფორმაცია მიაწოდეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, – აღნიშნულია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
მერიაში განმარტავენ, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დროებით საცხოვრებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზეს.