გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და სასამართლო პროცესი გადაიდო.
ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავება იყო უკანონო და ისინი არ გასცდენიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიის საზღვრებს.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი დაკავება დაშინების მცდელობა იყო და ისინი არ აპირებენ აქციების შეწყვეტას იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ცხრა პირის სასამართლო პროცესი მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევით 29 ნოემბერს გაგრძელდება, ხოლო კიდევ სამი პირის სასამართლო 30 ნოემბერს ჩაინიშნა. სასამართლომ შსს-ს ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.
შეგახსენებთ, გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორის მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეები 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროსთან იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შსს-ს განცხდებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 პირი.