გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში USAID-ის წარმომადგენლებთან თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს მარიკა ოლსონს და პროგრამის კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს, დავით წიკლაურს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აგრარული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასოციაციების გაძლიერება და ამ მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებს მხარდაჭერის წინადადებით მიმართა.
მარიკა ოლსონის განცხადებით, ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების ტენდენციები თვალსაჩინო მაგალითია, სხვა კულტურების ასოციაციების განვითარებისთვის და აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.