გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
სამინისტროს ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი თქვენგანი მომავალ პროფესიას სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშირებს და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით ხელით ჩარგეს მცენარეები ქოთნებში, რომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცათ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.