გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
„საქართველოში ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს.
„პროექტის ფარგლებში, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს როგორც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, კანონმდებლობის შექმნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დაგვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ნაწილშიც, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცემათ, ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარონ.
„ მივესალმები ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას და მასში ჩვენს ჩართულობას, რაც მხარდაჭერაა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.