გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთში სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში იმყოფება და კახეთის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე მევენახე ფერმერებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა. მათთან საუბარში თენგიზ ნასარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღება-ჩაბარების კუთხით.
მინისტრის მოადგილემ ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.
„სტიქია ყოველწლიურად გვიქმნის სირთულეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითიც კიდევ უფრო იკვეთება დაზღვევის აუცილებლობა. მის გარეშე ძალიან გაჭირდება ფერმერული საქმიანობის რეგულირება. აგროდაზღვევა არის უალტერნატივო გზა და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება წელს 50-დან 70 პროცენტამდე გაიზარდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა ფერმერებისადმი“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაზღვეული ფერმერების რაოდენობის კუთხით არის პროგრესი, თუმცა არასაკმარისი.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. „სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს“, – აღნიშნავენ სამინისტროში.