გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - სახელმწიფო საწარმომ უკვე დაიწყო კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო.
დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შტაბის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია ზოგადად რთველის მიმდინარეობისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ.
„უკვე დღეიდან შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპენსირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივად დგომა“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.