გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩართულობით, მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად, დაგეგმილია კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით ახალი პროექტის დაწყება, რომელიც ადგილობრივი თემების ჩართულობას ითვალისწინებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და რისკების შემცირების მიმართულებით ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„სტიქიური პროცესების პროგნოზირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; დაგეგმილია საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და ამინდის პროგნოზის შესახებ გაფრთხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავრცელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შეფასების და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რადგან ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მიზანიცაა, უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში დაეხმაროს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40 ფილიალს და 15 000 მოხალისეს აერთიანებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი ესწრებოდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.