გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ელჩს საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს „მაშავი“ მიერ ქართველი მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საკითხს.
„მაშავის“ პროგრამების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებს, ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული ცოდნა, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ისრაელის გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრის დასასრულს, ოთარ შამუგიამ ისრაელსა და საქართველოს შორის იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების ტენდენციაზე ისაუბრა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.