გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტეგრირებული ნებართვის გაცემას, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრული და ეხება სამრეწველო სექტორს, სამრეწველო სექტორიდან გამოწვეული დაბინძურების მაქსიმალურ შემცირებას. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სამრეწველო ემისიების კანონის აღსრულებისათვის. ამჯერად წარმოვადგინეთ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ჰაერში გაფრქვევებს, არამედ ნიადაგის, წყლისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ მეორე მოსმენისათვის და უზრუნველვყავით ძალიან მოქნილი პროცედურები იმისათვის, რომ ბიზნესს ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით შეეძლოს ყველა გარემოსდაცვითი ნებართვის აღება, რაც გულისხმობს ერთ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის პროცედურაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისა და სანებართვო დოკუმენტების მიღებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.