გარემოს დაცვის სამინისტრო - სამედიცინო დანიშნულებისთვის კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისთვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული საქმიანობა. ლიცენზიების რაოდენობა იქნება არანაკლებ 150-ისა, რაც გამორიცხავს ეკონომიკის მონოპოლიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანაფის წარმოებას, რომელსაც ახალი უწყება „კანაფის კონტროლის სააგენტო“ გააკონტროლებს, სამედიცინო დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი.„კანაფის კონტროლის სააგენტო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს. სამინისტროში სააგენტოს სტრუქტურაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.