გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყეპარკში ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის გამოფენა გაიხსნა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყეპარკში ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის გამოფენა გაიხსნა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს კრწანისის ტყეპარკში ავსტრიის საელჩომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, ველური ბუნების ეროვნული სააგენტომ და CENN-მა, ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა გახსნეს.

გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ავსტრიის მიერ საქართველოში გარემოს დაცვისა და რესურსების მდგრადი გამოყენების თემების მხარდაჭერას.

გამოფენა გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გამოფენის კურატორი მარიამ შერგელაშვილი.

დღეს, კრწანისის ტყეპარკი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მფარველობაშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს კრწანისის ტყეპარკის აღდგენა და რეკრეაციულ სივრცის მოწყობა, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებს უნიკალურ მწვანე სივრცეს შესთავაზებს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ასევე, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისადმი მიმართულ აქტივობებში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

გაერო-ს ინიციატივით, 2021 წელი გამოცხადებულია ეკოსისტემების აღდგენისა და ბუნების დაცვის წლად.

5 ივნისიდან 8 ივლისამდე, კრწანისის ტყეპარკში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, გამოფენასთან ერთად, სხვადასხვა თემატური ღონისძიება გაიმართება.