გარემოს დაცვის კომიტეტი - სამთავრობო დონეზე ტრანსპორტის რაოდენობა უნდა შემცირდეს და სახელმწიფო მოხელეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება დაიწყონ
საქართველოში შესაძლოა სავალდებულო გახდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით შესყიდული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდულ ძრავაზე მუშაობდეს.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის წევრები – კახა კუჭავა და პაატა კვიჟინაძე მუშაობენ.
დეპუტატების მოსაზრებაზე საუბარია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს გამონაკლისებს უწყებებისთვის, სადაც აუცილებელია შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტით სარგებლობა.
„მიზანშეწონილი იქნება, თუ მთავრობა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებას, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებების დონეზე დაგეგმავს. ამასთან, მთავრობამ უნდა იზრუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის სამთავრობო დონეზე შემცირებაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, უპირველესად, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა დაიწყონ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 6 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.