გარემოს დაცვის კომიტეტი - „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია, ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღებისთვის ხელის შეშლას
გარემოს დაცვის კომიტეტი - „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია, ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღებისთვის ხელის შეშლას

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა“  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

კომიტეტის შეფასებით, ვრცელდება დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღებისთვის ხელის შეშლას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ათ ყალბ ნარატივზე ამახვილებს ყურადღებას:

„პირველი – ამბობენ, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში და რომ ამ მეთოდებით 2 წელში აღარ იქნება ქუჩაში უპატრონო ცხოველი. ასევე, თითქოს იმ შემთხვევაში თუ სამზე მეტი ძაღლი გვეყოლება საკუთრებაში ან თუ მიკედლების აკრძალულ ადგილებში ვერ მივიკედლებთ, ეს ძაღლები რეგისტრაციის გარეშე დარჩებიან, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, დააპატიმროს და შემდეგ დააძინოს უპატრონო ცხოველები.

სინამდვილეში, ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია.

მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისთვის ცხოველზე დაკვირვების 10-დღიანი, 45-დღიანი და 6-თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებულია და დადგენილია მთავრობის დადგენილებით, რომელიც ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები;

მეორე – ამბობენ, თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.

სინამდვილეში,  ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ცხოველთმოყვარულების ემოციებზე მანიპულირებისათვის. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობით, წლებია, აკრძალულია და ისჯება რვა ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა. კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას – ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი;

მესამე – ამბობენ, თითქოს მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, თითქოს ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.

სინამდვილეში, მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისთვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით;

მეოთხე – ამბობენ, თითქოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპის და საბლის გამოყენებით.

სინამდვილეში, ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია რვა ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა. კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბლით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბლის გამოყენება;

მეხუთე – ამბობენ, თითქოს კანონის მიღებისთანავე აიკრძალება სამზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში, ხოლო სამზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.

სინამდვილეში,  2025 წლის პირველი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ სამზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ. თბილისურ ეზოში ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც მხოლოდ 2025 წლის პირველი ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ შემგროვებლობა;

მეექვსე – ამბობენ, თითქოს კანონის ამოქმედებიდან მიმკედლებლებს ექნებათ ვალდებულება, გაუკეთონ მიკედლებულ ცხოველს როგორც ანტირაბიული, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია და გაუწიონ ვეტერინარული მომსახურება.

სინამდვილეში, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინაციას, სახელმწიფოს მხრიდან ასევე გაგრძელდება უპატრონო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, რადგან კანონპროექტით არ დგინდება მიკედლებული ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა, სახელმწიფო ანტირაბიულ ვაქცინაციას უზრუნველყოფს 2027 წლის ბოლომდე.

კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას;

მეშვიდე – ამბობენ, თითქოს თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება.

სინამდვილეში, კანონპროექტში საუბარია არა მიკედლებული ძაღლის მიერ, არამედ პატრონიანი ძაღლის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. დადორბვლაზე საუბარი არ არის, ხოლო დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის, რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა;

მერვე – ამბობენ, თითქოს თუ უპატრონო ძაღლი ან კატა აღმოჩნდება სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან საავადმყოფოში, ამ დაწესებულების მესაკუთრეები დაჯარიმდებიან 50 ლარის ოდენობით.

სინამდვილეში, ეს არის სრული დეზინფორმაცია, მიზანმიმართულია კანონპროექტის დისკრედიტაციისა და ხალხის მასობრივი დაზაფვრისკენ;

მეცხრე – ამბობენ, თითქოს სამზე მეტი ძაღლის ყოლაზე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, საკუთრების უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს.

სინამდვილეში, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საკუთრების უფლება შესაძლებელია, შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით;

მეათე – საჯარო სივრცეში ამბობენ, თითქოს 26 თებერვალს დაგეგმილია გარემოს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიღება.

სინამდვილეში, გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია და მის სხდომამდე ოთხმა დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა უნდა განიხილოს კანონის პროექტი (ჯანდაცვა, რეგიონული, უფლებები, საფინანსო). ამის შემდგომ წამყვანმა კომიტეტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს, რათა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი. უნდა ჩატარდეს შვიდი საკომიტეტო და სამი პლენარული მოსმენა, ჯამში, ათი მოსმენა“, – განმარტავს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.